ჩემო ,,ახალი თაობის'' დედიკოებო, ეს ბლოგი თქვენთვისაა. მოხარული ვიქნები, თუ სხვებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდება ჩვენი საქმიანობა
გვერდები
- მთავარი გვერდი
- ჩვენი სკოლა
- ჩვენი კლასი
- მშობელთა გზამკვლევი
- შვილები როგორც მასწავლებლები
- პირველი ექსკურსია ვარიანში
- დედაენის ძეგლთან
- ანბანთან შეხვედრა
- ასტრიდის დღეები
- შემოდგომის გაცილება
- ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს
- საახალწლო კარნავალი
- კლასის საათი
- წიგნის საჯაროდ კითხვა
- ხელოვნების სასახლეში
- მხიარული სტარტები
- დიდი წიგნის კითხვა
- სხვადასხვა პროფესიის ადამიანები
- კითხვის ფესტივალი
- დებიუტი სცენაზე
- პირველი სასწავლო წლის დასასრული
5.30.2018
ხართ თუ არა მზად სკოლისთვის
გადახედეთ კითხვარს და შეავსეთ პატარა ტესტი, რომლებიც ბავშვის მდგომარეობის შესახებ უფრო ნათელ სურათს შეგიქმნით.
როდესაც ბავშვი უხეშობს და აგრესიულია
როდესაც ბავშვი უხეშობს და აგრესიულია
ხშირია შემთხვევა, როდესაც გარკვეულ ასაკში ბავშვი უფროსების მიმართ უხეშობას, უპატივცემულობას, ზოგჯერ უზრდელობასაც იჩენს. მშობლის მიერ მიცემულ შენიშვნას ცუდი სიტყვებით, ხმაურიანი რეაქციით პასუხობს ზოგჯერ მშობელს ჰგონია, რომ საქმე ჩვეულებრივ, წარმავალ მოვლენასთან აქვს, რაც ნამდვილად არ გახლავთ სწორი, რადგან სპეციალისტების აზრით, ამგვარ გულგრილ დამოკიდებულებას ვითარების მხოლოდ გამწვავება და სამომავლოდ მეტი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.პრობლემის აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, მისი გამომწვევი მიზეზები უნდა გავარკვიოთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვი ღრუბელივით იწოვს ყველაფერს, რასაც გარშემო ხედავს, იმახსოვრებს მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის ტექსტსაც და ხასიათსაც. ამრიგად, თუ გინდათ, შვილი ზრდილობიანი გყავდეთ, პირველ რიგში, ოჯახური კონფლიქტი მოაგვარეთ. თუ მეუღლეებს შორის ჩხუბი გარდაუვალია, ეს აუცილებლად ბავშვისგან დაფარულად გააკეთეთ, მეტიც, ჩხუბის შემდეგ ეცადეთ, ბავშვი ვერც მიხვდეს, რომ თქვენს შორის დაძაბულობაა, რადგან ეს უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს.
თუ ოჯახში სიმშვიდე გაქვთ, მაშინ სამეზობლოსა და შვილის სამეგობროს გადამოწმება მოგიწევთ. შეიძლება უხეშობას, უკმეხ შეპასუხებას ბავშვი სწორედ კარის მეზობლის სახლიდან გამოსული ჩხუბით სწავლობს ან მსგავს სცენებს მეგობრის ოჯახში აწყდება. ეს უკვე არაჯანსაღი გარემოა, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში ნამდვილი მონსტრი გეყოლებათ. ასევე გაარკვიეთ, ხომ არ აქვს პრობლემა სწავლასთან ან პირად ფრონტზე. როგორც წესი, მოზარდები რთულად იტანენ პირველ სიყვარულში იმედგაცრუებას, რაც ზოგჯერ აგრესიაში გადაიზრდება.
როგორ გადავაჩვიოთ უხეშ ლაპარაკს? უხეშობაზე არც ერთ შემთხვევაში არ უპასუხოთ იმავეთი ან უარესი - არავითარ შემთხვევაში არ ცემოთ ბავშვი! ასეთი პასუხი მას უარესად გააღიზიანებს და ვერც იმას შეაგნებინებს, რომ ცუდად იქცევა. ამიტომ ბავშვთა ფსიქოლოგები მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავენ - მეგობრული დამოკიდებულება და სიმშვიდე საუკეთესო გამოსავალია.
თუ სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ მომენტში თქვენს შვილს უფრო მეტად უჭირს, მის მიერ გამოვლენილი აგრესია თავადაც აწუხებს, ამიტომ გამოსავალს სწორედ თქვენს საპასუხო რეაქციაში ხედავს.მოუსმინეთ. გაიგეთ, რის გამოა აგრესიული, რატომ გეუზრდელებათ. აჩვენეთ, რომ მის დასახმარებლად მზად ხართ, რომ გინდათ, კვლავ მშვიდი და კარგი ბავშვი იყოს. გარდა იმისა, რომ ამ საუბრებით აგრესიის მიზეზს გაიგებთ, მის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც შეიტყობთ, რაც შემდგომში სიტუაციის კონტროლისთვის გამოგადგებათ. ნუ დაავიწყებთ, რომ მშობელი მისი ყველაზე ახლობელი და კეთილის მსურველი ადამიანია.
თუ ბავშვი თავისი პრობლემების დაკონკრეტებას არ აპირებს, მაშინ ზოგადი საუბრით შემოიფარგლეთ. ნუ ეცდებით, სულში ჩაუძვრეთ და ათქმევინოთ ის, რისი დავიწყებაც სურს. უბრალოდ უთხარით, რომ ასე მოქცევა კარგს არაფერს მისცემს, რომ პატივი უნდა სცეს არა მხოლოდ მშობლებს და სხვა ადამიანებს, არამედ საკუთარ თავსაც. სწორედ საკუთარი თავის პატივისცემისთვის ხაზგასმა გაძლევთ დამატებით ქულას, რადგან არავის (განსაკუთრებით მოზარდებს), არ სურს სხვის თვალში დამცირებულად გამოიყურებოდეს.
თუ შვილი გულს გადაგიშლით და თავისი აგრესიის მიზეზს გეტყვით, იმავე წამიდან მისი საიდუმლოს მცველად უნდა იქცეთ და არავითარ შემთხვევაში არ განიხილოთ ბებია-ბაბუებთან, მეზობლებთან და მულებთან. გახსოვდეთ, რომ შვილმა ყველაზე სათუთი რამ გაგიმხილათ, გენდოთ, გამოსავლის ძიებაში თქვენთან მოვიდა, მისთვის იმედის გაცრუება კი მხოლოდ უარეს შედეგს მოგცემთ. გარდა ამისა, ის თქვენს მიმართ დამოკიდებულებასაც შეიცვლის და უხეშობას დაივიწყებს, რადგან მისი საიდუმლო მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ, ამიტომ თქვენი სახით მხოლოდ მეგობრის ყოლა ენდომება.
რაც უნდა უსიამოვნო ისტორია მოისმინოთ, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ მისი განსჯა. მხოლოდ და მხოლოდ გაგებით მოკიდება მოგცემთ საჭირო შედეგს. ყვირილი მხოლოდ უფრო აგრესიულ პასუხს მოგცემთ - ანუ ეს სწორედ ის შემთხვეაა, როდესაც შვილს საკუთარი თავის პატივისცემის მაგალითი უნდა მისცეთ.
ასევე კარგი მეთოდია, თუ შვილს თქვენს ბავშვობისდროინდელ გამოცდილებას გაუზიარებთ. ამით გააგებინებთ, რომ მსგავსი პრობლემები ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს, აგრესია კი ამ გამოსავალთან მხოლოდ დააშორებს.
ცხადია, ყველაზე მეტად თავის შეკავება უცხოების ან მისი მეგობრების თანდასწრებით გმართებთ. შვილთან ურთიერთობის გასარკვევად ოჯახური გარემო საუკეთესო ადგილია. ასევე კარგი იქნება, თუ მოზარდ შვილს ზოგჯერ თქვენც ჰკითხავთ რჩევას. დაე, ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს, მიხვდეს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, ამიტომ ჭიჭყინი და უაზრო აგრესია აღარ შეშვენის.
პირველკლასელი
პირველკლასელი
როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაში, ეს ნიშნავს, რომ ოჯახში ყველაფერი იცვლება: ჩვეული რეჟიმი, განრიგი და, რაც მთავარია, ბავშვისადმი დამოკიდებულება. ამ რეჟიმში ის მომავალი 12 წლის განმავლობაში იქნება, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად დაიტვირთება, ამიტომ სწავლის პირველი ეტაპი, რაც შეიძლება, საინტერესო და უმტკივნეულო უნდა იყოს.
პირველკლასელთა უმეტესობა სკოლის პირველ დღეს ემოციურად ხვდება, ზოგი ტირის, უჭირს მშობლებთან განშორება, ახალ გარემოსთან შეგუება, ბაღის მეგობრების ნაცვლად ახლების შეძენა და სხვა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ბავშვს ამ სიახლისთვის ახლავე მოამზადებთ. მოუყევით, თავად როგორ სწავლობდით, როგორი კარგი თანაკლასელები და მასწავლებელი გყავდათ, რა კარგი იყო სწავლების პროცესი, დასვენებების დროს გართობა, ექსკურსიებზე სიარული და ასე შემდეგ. აუხსენით, რომ საუკეთესო მეგობრებს სწორედ სკოლაში შეიძენს, ხოლო აქ მიღებული განათლება მხოლოდ და მხოლოდ მისი მომავლისთვისაა სასიკეთო. საუკეთესო ვარიანტია, თუ მის კლასში ნაცნობი ბავშვი მოხვდება (ან სულაც დედმამიშვილი ან ახლო ნათესავი). ასეთ შემთხვევაში ბავშვი უფრო მარტივად გადაიტანს ცვლილებას.
გაითვალისწინეთ, რომ სკოლასთან შეგუების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მასწავლებელია, ამიტომ სკოლის შერჩევისას ამ ფაქტორსაც მიაქციეთ ყურადღება. ნუ მოგერიდებათ და სკოლის დირექციასთან ან სხვა მასწავლებლებთან საგულდაგულოდ გადაამოწმეთ მისი კვალიფიკაცია. რამდენჯერმე გაესაუბრეთ. თუ თქვენს შვილს ათვისების პრობლემა აქვს, გაიგეთ, როგორ აპირებს მასთან ინდივიდუალურ მუშაობას, აქვს თუ არა ამ მხრივ გამოცდილება. გაარკვიეთ, რამდენად შემოქმედებითად უდგება სწავლების პროცესს, რადგან პირველკლასელისთვის სკოლაში სიარული გართობა უფროა, ვიდრე საპასუხისმგებლო პროცესი.
თქვენი, როგორც მშობლის როლი კიდევ ერთ რგოლში უნდა გამოჩნდეს: ბავშვი სკოლისთვის მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იყოს მზად, მით უფრო, თუ საბავშვო ბაღში არ უვლია. ბავშვს ელემენტარული განათლება მაინც უნდა ჰქონდეს: იცოდეს საბავშვო ლექსები (სულ მცირე, მეტყველების გასატეხად მაინც), სიმღერები, ფერებისა და გეომეტრიული ფიგურების გარჩევა, ათამდე თვლა, ანბანის პირველი ასოების ჩამოთვლა. კარგი იქნება, თუ ბავშვს პატარა ისტორიების მოყოლას მიაჩვევთ, მაგალითად, აღწეროს ეზოში თამაშისას ნანახი სურათი ან როგორ გაერთო სტუმრად ყოფნისას. ეს გადმოცემის უნარს განუვითარებს და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის კომპლექსებსაც მოუხსნის. როგორც წესი, სწავლის პირველ დღეს პირველკლასელებს ერთმანეთს აცნობენ: ბავშვები ასახელებენ საკუთარ ვინაობას, ასაკს, ამბობენ ლექსს და ასე შემდეგ, რისთვისაც თქვენი შვილი მზად უნდა იყოს.
ეცადეთ, სწავლის პირველ პერიოდში, რაც შეიძლება, ინტერაქტიული იყოთ. ესაუბრეთ სკოლაში გატარებულ დროზე, ახალ მეგობრებზე, მასწავლებელზე. ასეთი საუბრები ბავშვს სკოლის გარემოსთან იდენტიფიცირებას გაუადვილებს, ხოლო თქვენ ფასდაუდებელ ინფორმაციას მოგაწვდით - გაიგებთ, როგორ ეგუება სკოლას, მასწავლებელი დაუმსახურებლად ხომ არ უწყრება ან სხვა ბავშვები ხომ არ ჩაგრავენ, რაც საკმაოდ ხშირად ხდება.
პირველკლასელის მიერ მიღწეული ყოველი წარმატება დღესასწაულად აქციეთ: ნუ დაიზარებთ შეაქოთ, როდესაც უშეცდომოდ გიპასუხებთ, რომ ორჯერ ორი ოთხია ან ანბანს რაკრაკით ჩამოგითვლით. ნუ გაუწყრებით, თუ ასოები ლამაზად ვერ გამოჰყავს - ასეთ შეცდომას თავადაც სჩადიოდით, უბრალოდ ახლა ამის შესახებ აღარ გახსოვთ, მით უფრო, რომ ლამაზი კალიგრაფია დროთა განმავლობაში მეორე პლანზე გადაინაცვლებს, ამიტომ ამის გამო საყვედური ნამდვილად არ ღირს.
თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, მისი თანაკლასელები შინ მოიწვიეთ. დაე, რამდენიმე საათი ერთად გაატარონ, გააცნობიერონ, რომ ერთმანეთს მხოლოდ სკოლაში არ უნდა შეხვდნენ და მათი ურთიერთობის სხვა ფორმაც შეიძლება არსებობდეს. დაგვერწმუნეთ, მეორე დღეს ბავშვი უფრო დიდი სიხარულით წავა სკოლაში, რადგან ეცოდინება, რომ იქ პოტენციური მეგობრები ელოდებიან. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ მასწავლებელთან მიმართებაშიც, თუ ბავშვს ის გაურკვეველი მიზეზით (უბრალოდ, ახირების გამო) არ მოსწონს. ოჯახურ გარემოში ნანახი უფროსი ადამიანი ახლობლის სტატუსს შეიძენს და სკოლაში მათ ურთიერთობასაც გააიოლებს.
[i]გისურვებთ წარმატებას![/i]
ვიდეოები სამოტივაციოდ
რეკლამა, რომელიც ბევრის მთქმელია
სიკეთე გადამდებია
იყავი ბედნიერი იმით, რაც გაქვს
მადლი ჰქენი,ქვაზე დადე ...
გაუფრთხილდი ბუნებას
თუკი შენ არ განახორციელებ შენს ოცნებას, მაშინ სხვა დაგიქირავებს იმისათვის, რომ განახორციელო მისი” – ტონი ჰასკინსი…
სიკეთე გადამდებია
იყავი ბედნიერი იმით, რაც გაქვს
მადლი ჰქენი,ქვაზე დადე ...
გაუფრთხილდი ბუნებას
ეს წერილი ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე ესეც აქ შემომეთავაზებინა
თუკი შენ არ განახორციელებ შენს ოცნებას, მაშინ სხვა დაგიქირავებს იმისათვის, რომ განახორციელო მისი” – ტონი ჰასკინსი…
გზა რეალობიდან ოცნებამდე… არც ისე იოლია… პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენ მივეჩვიეთ რეალობაში ცხოვრებას… ჩვენ ვისწავლეთ, რომ მიწაზე მყარად უნდა ვიდგეთ; რომ დღევანდელი კვერცხი უნდა გვერჩივნოს ხვალინდელ ქათამს; რომ მიწაზე მყარად დგომის გარეშე გაგიჭირდება და დაეცემი; რომ მერე ასე დაცემულს და გაჭირვებულს ქვა აღმართში მოგეწევა… რომ ურემი რომ გადაგიბრუნდება, მერე მიხვდები, გზა სად იყო და სანამ მიხვდები, ხომ დაიღუპები შენი ურმიანად… რომ ვინც მაღლა ღრუბლებში დაფრინავს, უსაქმურია და მალე მიწაზე დაენარცხება…მოკლედ, ჩვენ ძალიან მაგრად ვისწავლეთ, რომ ოცნება დამღუპველია…
არადა, ერთხელ ასეთი ფრაზა მოვისმინე ერთ-ერთ აუდიო წიგნში: სამყაროს პრინციპები სხვა არაფერია, თუ არა ბუნების კანონები… დააკვირდი ბუნების კანონებს და მიიღებ პრონციპებს, რომლის მიხედვითაც ღირს ცხოვრება…
ბუნება შეუცვლელი მასწავლებელია… ეკჰარტ ტოლე ამბობს, რომ ყველაფერი ბუნებაში მიისწრაფვის მაქსიმალური განვითარებისკენ და ადამიანის მსგავსად არ წყვეტს შუა გზაში გაჩერებას… მართლაცდა, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ ისწრაფვის ბუნების თითოეული ნაწილი ოცნებისა და სიმაღლეებისკენ…
ალბათ, გსმენიათ ან გინახავთ, როგორ ხეთქს ასფალტს ბალახი, ეს უნორჩესი ნაწილი ბუნებისა… რა შეიძლება ვისწავლოთ მისგან? – შეუპოვარი სწრაფვა სიცოცხლისკენ, ზრდისკენ, თავისუფლებისკენ… ეს არის ბალახის ოცნება…
ბევრი მაგალითი და მასწავლებელია ჩვენთვის ბუნებაში, მაგრამ ყოველთვის აღმაფრთოვანებდა პეპლის ფენომენი… რა გზას გადის მუხლუხო, რომ გახდეს ჭუპრი და მერე გაფრინდეს… რა პრინციპებს ვხედავთ მის მაგალითზე?
პირველი, რომ თურმე პეპლად ქცევა საკმაოდ მტკივნეული პროცესია, ისევე, როგორც პერსონალური განვითარება… გამოდის, რომ სამყარო არც ისე იოლად გვაღწევინებს ჩვენს ოცნებებს, როგორც ეს ჩვენ გვინდა და რის მიღებასაც ხან ვიზუალიზაციით და ხან ათასგვარი გაუგებარი მეთოდებით ვცდილობთ… აქ საკვანძო მომენტია, ჩვენ ვიყოთ მზად ამ ოცნების ასრულებისთვის, მაშასადამე, გავიაროთ ის ტკივილიანი და ეკლიანი გზა, რასაც პერსონალური განვითარება ჰქვია, რომ ჩვენი გრავიტაცია შეწვდეს ჩვენს ოცნებებს…
მეორე, ჩემთვის პეპელა თავისუფლების სიმბოლოა… გინახავთ ოდესმე, როგორ ძვრება პარკიდან და ფრენას როგორ იწყებს? თავისუფლება – ყველა შემზღუდველი და დეპრესიული რწმუნებულების მიერ ჩვენთვის მოქსოვილი ბადიდან თავის დაღწევასა და საკუთარი ცხოვრების მართვის დაწყებასთან ასოცირდება…
თავისუფლება, განვითარება, სილამაზე, ფრენა – პეპლის ოცნებაა…
მოდით, ავიღოთ “ფრენა”. ადამიანი სულ ოცნებობდა ფრენაზე… თუ დააკვირდებით, ოცნება და ფრენა ზოგჯერ გაიგივებული აქვს ქართულ გამონათქვამებს… ეე, სად დაფრინავ, ჩამო მიწაზე; აუ, ეგ სულ ღრუბლებში დაფრინავს – ჩვენვე ვადასტურებთ, რომ ოცნება ფრენაა, “რეალობა” კი – დამიწება… ჰოდა, ადამიანი ოცნებობდა ფრენაზე… ე.ი. სულ ჰქონდა ოცნება, არ ეცხოვრა მხოლოდ დამიწებული ცხოვრებით…
ახლა კი რაც შეეხება ფრენის ანუ ოცნების შიშს და რა ეტაპებს გავდივართ შიშის გადალახვისას…
თვითმფრინავის მაგალითს მოვიყვან…
ვთქვათ, გეშინია ფრენის… ზიხარ და გეშინია… ძალიან გეშინია… ცაში იხედები და იქ ჭექა-ქუხილია… ეს ხომ საერთოდ ჭკუიდან გშლის… რა ხდება მერე?
ყველაფერი, ერთი შეხედვით, კოშმარულად იწყება… შენ ხვდები, რომ მართალი იყავი რომ გეშინოდა… თვითმფრინავი იწყებს სიჩქარის აკრეფვას, მერე ნელ-ნელა იწევს მაღლა, იცვლება წნევა, ყურები გიგუბდება, გული ლამისაა “ნასკებში ჩაგივარდეს”, მართლა გგონია, რომ დაიღუპები და უკვე ნანობ, რატომ ჩაჯექი ამ დაწყევლილ თვითმფინავში…
მერე კიდევ უარესი… შედიხარ პირდაპირ ჭექა-ქუხილის ზონაში, ირგვლივ არაფერი ჩანს, თვითმფრინავი ყანყალებს, ძაგძაგებს, ფიქრობ, რომ აი, ახლა კი ნამდვილად ჩამოვარდები, ან მეხი დაგარტყამს, ან… ან… ან… და იწყებ მთელი ცხოვრებისთვის თვალის გადავლებას… და ჰოი, საოცრებავ… უკვე გეჩვენება, რომ ის არც ისე ცუდი იყო, როგორც გეგონა, რომ მშვენივრად იჯექი შენს აკვარიუმში, რომ დედამთილი (ან სიდედრი) არც ისე ძალიან გიშლიდა ნერვებს და რაღაცნაირად საყვარლადაც კი გეჯაჯღანებოდა და იწყებ ნამდვილ, გულისწამღებ სინანულს, რომ აწიე ერთი ადგილი და მოინდომე ფრენა… რა შენი საქმე იყო ახლა ეს ფრენა, თავს რომ იგიჟებდი საერთოდ, ა?..
მოკლედ, ასე გადის გარკვეული ხანი… და მერე?
მერე თვითმფრინავი მიიწევს კიდევ უფრო მაღლა… სცდება ღრუბლებს და ექცევა მათ ზემოთ… აღარც ქუხილი, აღარც შავი ღრუბელი, მზე, მზე, მზე და არაფერი მზის გარდა… თან უწონადობის უცნაური შეგრძნება… და უცნაური სიმშვიდე… და რა ხდება ამ დროს შენში?.. დედამთილი (სიდედრი) ისევ ისეთი “ალქაჯი” (გავიცინოთ ცოტა) ხდება, ადრინდელი შენი ცხოვრება ისევ ისეთი მოსაწყენი და შენ ხვდები, რომ სწორი ნაბიჯი გადადგი, როცა ფრენა არჩიე და უდიდესი შინაგანი სიჩუმე, სიმშვიდე და სიბრძნე მოდის შენთან… და მერე უკვე აღარ შეგიძლია ფრენის გარეშე…
თუ დააკვირდებით და, მაღლა ფრენისასაც არის ტურბულენტური ზონები – ჰაერში ორმოები – (ხედავთ, აქაც არ არსებობს გზა ორმოს გარეშე), ხანდახან შეგაბარჯღალებს მაგრად, მაგრამ რაც მთავარია, ყველამ ვიცით, რომ ეს დროებითია და ამიტომ პანიკაში არ ვვარდებით…
აი, ამ გზას გავდივართ რეალობიდან ოცნებამდე… ამ გზას, პირველ რიგში, ჰქვია პერსონალური განვითარება და მას ახლავს ტკივილები და შიში, მაგრამ სწორად გამოყენებული, გაკონტროლებულ-დაძლეული შიში… რომელიც ინდიკატორია იმისა, რომ მაღლა ფრენას იწყებ…
მგონი კარგი მაგალითი გამოდგა თვითმფრინავის მაგალითი, მაგრამ აქ ერთი “მაგრამ” ჩნდება… როცა თვითმფრინავში ზიხარ და მაღლა აფრენის ეტაპებს გადიხარ, უკან დასახევი გზა არ გაქვს… ამიტომ იძულებული ხარ, იფრინო… აი, ცხოვრებაში კი ცოტანი თუ ვწვავთ უკან დასაბრუნებელ ხიდებს და ძალიან ხშირად, სწორედ პირველივე ეტაპზე ვანებებთ თავს ფრენისკენ – ჩვენი ოცნებებისკენ სწრაფვას…
იმედია, არასოდეს დავნებდებით… წარმატებებს გისურვებთ თქვენი ოცნებებისკენ სწრაფვის გზაზე…
სიყვარულით, ნატა თვალაძე
დედის 8 ტყუილი
ეს ისტორია ჩემს ბავშვობაში დაიწყო. ღარიბი ოჯახის შვილი ვიყავი და ხშირად იმდენი საჭმელიც კი არ გვქონდა, რომ შიმშილი მოგვეკლა. როდესაც საჭმლის ჭამის დრო მოდიოდა, დედა ხშირად მაძლევდა ხოლმე თავის წილ ბრინჯს. იგი მას ჩემს ჯამში ცლიდა და მეუბნეობდა: “შეჭამე შვილო ეს ბრინჯი, მე არ ვარ მშიერი”.
ეს იყო დედაჩემის პირველი ტყუილი.
როდესაც ვიზრდებოდი, შეუპოვარი დედა თავისუფალ დროს მიდიოდა ხოლმე მდინარეზე სათევზაოდ ჩვენს სახლთან ახლოს იმ იმედით, რომ დაჭერილი თევზით მომიმზადებდა ჩემი ზრდისათვის საჭირო საკვებს. დაიჭერდა თევზს, მოამზადებდა ხოლმე თევზის სუპს და მე ვჭამდი მას. დედა ამ დროს გვერდით მეჯდა და ჭამდა თევზის ნარჩენებს, რომელიც ჩემს მიერ ნაჭამი თევზის ფხაზე იყო შემორჩენილი. ამის დანახვაზე გული საშინლად მტკიოდა და დედას გავუწოდებდი ხოლმე ჩემს წილ თევზს, მაგრამ დედა არ მართმევდა და მეუბნებოდა: “შენ ჭამე შვილო, მე თევზი არ მიყვარს“.
ეს იყო დედაჩემის მეორე ტყუილი.
როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, სწავლის ფული რომ დაეფარა, დედამ თერძობა დაიწყო. სახლში იღებდა შეკვეთებს და თითქმის შეუსვენებლად მუშაობდა დღე-ღამის განმავლობაში.ზამთარში როდესაც ღამით გამეღვიძებოდა ხოლმე, დავინახავდი სანთლის შუქზე მომუშავე უძილარ დედას, რომელიც გაჭირვებით ცდილობდა ნემსში ძაფი გაეყარა და მე ამის შემხედვარე ვეტყოდი ხოლმე: “დედა დაიძინე, უკვე გვიანია…“ დედა ღიმილით მპასუხობდა: “დაიძინე საყვარელო, მე არ ვარ დაღლილი“.
ეს იყო დედაჩემის მესამე ტყუილი.
როდესაც გამოცდის დრო მოვიდა დედამ ყველა საქმე გადადო და ჩემთან ერთად წამოვიდა. მცხუნვარე მზის მიუხედავად, ჩემი გულითადი დედა სიცხეში მიცდიდა რამოდენიმე საათის განმავლობაში. როდესაც ზარმა დარეკა, რაც ნიშნავდა რომ საბოლოო გამოცდა დამთავრდა, დედა მოვიდა ჩემთან და ჩამომისხა ჩაი მათრადან, რომელიც თან ჰქონდა წამოღებული. როდესაც დავინახე, რომ დედის სახე ოფლით იყო დაფარული, მივაწოდე მას ჩაის ჭიქა და ვთხოვე დაელია. დედამ მიპასუხა: “დალიე შვილო, მე არ მწყურია“.
ეს იყო დედაჩემის მეოთხე ტყუილი.
მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა მარტო ასრულებდა ორივე მშობლის ფუქციას და ჩვენი ოჯახის ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა ამ სიტუაციამ. დღე არ გადიოდა ტანჯვის გარეშე. პირობები უფრო და უფრო უარესდებოდა. მხოლოდ მზრუნველი ბიძა, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოს ცხოვრობდა, გვიწევდა დახმარებას. მეზობლები ხშირად ურჩევდნენ დედას, რომ კვლავ დაქორწინებულიყო. დედა კი ჯიუტად არ ითვალისწინებდა მათ რჩევას და პასუხობდა: “მე არ მჭირდება სიყვარული“.
ეს იყო დედაჩემის მეხუთე ტყუილი.
სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დავიწყე. ამ დროს უკვე დედას მოუწია თავისი ძველი ხელობისათვის თავი გაენებენინა და შეეწყვიტა მუშაობა, მაგრამ მას უსაქმოდ ყოფნა არ სურდა. იგი ყოველდღე დადიოდა ბაზარში, რომ გაეყიდა ბოსტნეული და თავის გასატანად საჭირო ფული ეშოვა. მე სხვა ქალაქში ვმუშაობდი და ხშირად ვუგზავნიდი ფულს თავისი საჭიროებებისათვის, მაგრამ დედა არ თანხმდებოდა ჩემგან გაგზავნილი დახმარების მიღებას. ის უკან მიგზავნიდა ფულს და მეუბნებოდა: “მე საკმარისად მაქვს ფული“.
ეს იყო დედაჩემის მეექვსე ტყუილი.
შემდეგ მაგისტრატურაში გავაგრძელე სწავლა და სტიპენდია მივიღე ორგანიზაციისაგან, სადაც საბოლოოდ დავიწყე მუშაობა. კარგი ხელფასი მქონდა და გადავწყვიტე, რომ დედა ზღვის ყურეში დასასვენებლად წამეყვანა, მაგრამ ჩემს საყვარელ დედას არ სურდა შვილის შეწუხება და მეუბნებოდა: “არ მჭირდება დასვენება“.
ეს იყო დედაჩემის მეშვიდე ტყუილი.
მოხუცებულობაში დედას მუცლის კიბო გაუჩნდა და მომიწია საავადმყოფოში დამეწვინა. ოპერაციის შემდეგ დედა მისუსტებული იწვა ლოგინზე და ძალიან მოტეხილი და მოხუცებული ჩანდა. იწვა საავადმყოფოს ლოგინზე, მიყურებდა და ჩემზე ფიქრობდა… ცდილობდა გაეღიმა, მაგრამ დაავადებამ ძლიერ დაასუსტა მისი სხეული და ძალიან საბრალოდ გამოიყურებოდა. ამის შემხედვარემ ტირილი დავიწყე. გული საშინლად მტკიოდა, რომ მას ასეთ მდგომარეობაში ვხედავდი და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. მაშინ დედამ უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და მითხრა: “არ იტირო ჩემო ძვირფასო, მე არაფერი მტკივა.“
ეს იყო დედაჩემის მერვე და ბოლო ტყუილი.
ეს იყო დედაჩემის მერვე და ბოლო ტყუილი.
ისტორიის ავტორი უცნობია
რატომ უნდა დავთმოთ?!
რატომ უნდა დავთმოთ?!
სიბრაზესა და უსარგებლო კამათს, რომ კარგი არაფერი მოაქვს, ამაზე საუბარი ზედმეტია. მინდა ორწუთიანი ლამაზი ანიმაციის სახით შემოგთავაზოთ კამათში გამარჯვებისა და სასურველი შედეგის მიღწევის ხელოვნება, თავმდაბლობის შედეგი. :)
მონტესორის მცნებები მშობლებისთვის
მარია მონტესორის 19 მცნება მშობლებისთვის
1. ბავშვები იმას სწავლობენ, რაც მათ გარშემოა.
2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, გაკიცხვას სწავლობს.
3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ – დაფასებას სწავლობს.
4. თუკი ბავშვს მტრობას უჩვენებენ – სწავლობს ბრძოლას.
5. თუ ბავშვთან პატიოსნად იქცევიან – სამართლიანობას სწავლობს.
6. თუ ხშირად დასცინიან – ხდება გაუბედავი.
7. თუ ბავშვი უსაფრთხოების შეგრძნებით ცხოვრობს – სწავლობს რწმენას.
8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ – ის თავის დადანაშაულებას სწავლობს.
9. თუ ხშირად ამართლებენ – სწავლობს საკუთარ თავთან სწორ დამოკიდებულებას.
10. თუ ბავშვთან ხშირად შემწყნარებლურნი არიან – სწავლობს, იყოს მომთმენი.
11. თუ ხშირად ახალისებენ – თავდაჯერებულობას იძენს.
12. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და თავს საჭიროდ გრძნობს – ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
13. ნუ ილაპარაკებთ ცუდად ბავშვზე – ნურც მისი თანდასწრებით, ნურც მის გარეშე.
14. კონცენტრირება მოახდინეთ ბავშვში კარგის განვითარებაზე და ცუდისთვის მასში ადგილი აღარ დარჩება.
15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც მოგმართავთ.
16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და იგი, მალევე ან ცოტა მოგვიანებით, შეძლებს შეცდომის გამოსწორებას.
17. მზად იყავით დაეხმაროთ ბავშვს, რომელიც ძიებაშია და შეეცადეთ, შეუმჩნეველი იყოთ იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა.
18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს ის, რაც ადრე ვერ შეძლო. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, თავშეკავებულობით, სიმშვიდით და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას, ყოველთვის საუკეთესო მანერებით იმოქმედეთ. შესთავაზეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.
5.29.2018
ოთხი რამ, რაც ბავშვებისგან უნდა ვისწავლოთ
0
მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო მათთვის; მოწაფეები კი არ უშვებდნენ მომგვრელთ. ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში. (მარკ.10. 13-15)
მოტივაციური მწერალი და მრჩეველი ჯიმ რონი, თავის წიგნში “დიდების 4 გასაღები” შეგვახსენებს” ბავშვის ოთხ თვისებას, რაც ჩვენს ცხოვრებას აუცილებად უნდა დავუბრუნოთ:
” 1. ცნობისმოყვარეობა.იყავით ცნობისმოყვარე. რას აკეთებენ ბავშვები, როცა რაიმეს გაგება სწყურიათ? მართალი ხართ, ისინი მილიონობით შეკითხვას დაგისვამენ და როდესაც გგონიათ, რომ მორჩნენ, ისევ მილიონს დაამატებენ. ისინი არ მოგასვენებენ, ვიდრე პასუხს არ გაიგებენ. ბავშვები ცნობისმოყვარეობას შემეცნებისთვის იყენებენ. როცა ზრდასრული ადამიანები ჭიანჭველებს ფეხს აბიჯებენ, პატარები მათ აკვირდებიან და სწავლობენ. ცნობისმოყვარეობა ეხმარებათ მათ გაიზარდონ, შეიმეცნონ და წინ წავიდნენ.
2. მოუსვენრობა. ისწავლეთ იყოთ ბავშვივით მოუსვენარი. არაფერია ამაზე უფრო ჯადოსნური. ბავშვებს არ უხარიათ დაძინება, ისინი მოუთმენლად ელოდებიან როდის გათენდება.. როგორ შეიძლება ვინმეს არ იზიდავდეს ცოცხალი და ემოციური ცხოვრება?! თუმცა შეიძლება მართლაც შემხვდეს ვინმე და მითხრას: “კარგი, მაგრამ მე საკმარისად ზრდასრული ვარ ბავშვური მოუსვენრობისთვის.” მე მებრალება ასეთი ადამიანები, თქვენც უნდა გებრალებოდეთ. მე ასე ვიტყოდი: “თუ ემოციებისთვის საკმარისად დიდი ხართ, ჩანს დაბერებულხართ.” ნუ მიხვალთ ამ დონემდე.
3. რწმენა.ბავშვებს რწმენა ახასიათებთ. დიდები უმეტეს შემთხვევაში სკეპტიკოსები არიან, ბევრ მათგანს ცინიკურობის ტენდენციაც ახასიათებს. უფროსები იტყვიან: “დიახ, მე დავინახე რაღაც პოზიტიური, თუმცა მოდი ჯერ დამიმტკიცე, რომ ასეა.” თუმცა ბავშვები ასე არ ფიქრობენ. ბავშვები ფიქრობენ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ისინი ძალზედ სახალისონი არიან. თუ ეტყვით “სამი საცურაო აუზი გვექნებაო”, ისინი იტყვიან “სამი? რა მაგარია!” და მაშინვე გაინაწილებენ საცურაო აუზებს. უფროსები ასე არ ფიქრობენ. “სამი საცურაო აუზი? ხომ არ გაგიჟდი!” ალბათ ნათელია განსხვავება.
4. ნდობა.ნდობა ბავშვური სათნოებაა, მაგრამ დიდი ღირსების მატარებელია. ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა: “ბავშვივით სძინავსო”. აი, რას ნიშნავს ბავშვური ნდობა.ცნობისმოყვარეობა, მოუსვენრობა, რწმენა და ნდობა – ეს არის ძლიერი კომბინაცია, რომელიც აუცილებლად უნდა დავუბრუნოთ ჩვენს ცხოვრებას!”სტატიის ბოლოს კი, ყველასათვის საყვარელი მწერლის, ეგზიუპერის, გამონათქვამს შეგახსენებთ:
,,წარმოშობით ჩვენ ყველანი ბავშვობიდან ვართ!”
10 მცნება მშობელთათვის
იანუშ კორჩაკის 10 მცნება მშობელთათვის
1. ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.
2. ნუ დააყვედრი ყველაფერს, რასაც უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცხლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.
3. სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რაკი ის სუსტია. დიდი ხნის შემდეგ მოხუცდები და შენც დასუსტდები.სწორედ მაშინ მოიმკი, რასაც დასთეს.
4. ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისევე რთულია, როგორც შენთვის, უფრო მეტადაც კი, რადგან ბავშვს ჯერ არ აქვს გამოცდილება.
5. არ დაამცირო
6. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მათ, რადგან ჯერ არ იცი, ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.
7. ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე. რადგან სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ, ყოველთვის ცოტა იქნება.
8. შვილი – ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.
9. გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ, როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.
10. გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო, უნიჭო, წარუმატებელი. მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.
იანუშ კორჩაკი (Janusz Korczak, ნამდვილი სახელი – Henryk Goldszmit; 1878 — 1942) – გამოჩენილი პოლონელი პედაგოგი, მწერალი, ექიმი და საზოგადო მოღვაწე.
პოლონეთის ოკუპაციის წლებში იბრძოდა ვარშავის გეტოში ბავშვების სიცოცხლისათვის. დაიღუპა ტრებლინკის გაზის კამერაში თავის 200 აღსაზრდელთან ერთად.
5.17.2018
Подписаться на:
Сообщения (Atom)