5.30.2018

როდესაც ბავშვი უხეშობს და აგრესიულია

როდესაც ბავშვი უხეშობს და აგრესიულია



ხშირია შემთხვევა, როდესაც გარკვეულ ასაკში ბავშვი უფროსების მიმართ უხეშობას, უპატივცემულობას, ზოგჯერ უზრდელობასაც იჩენს. მშობლის მიერ მიცემულ შენიშვნას ცუდი სიტყვებით, ხმაურიანი რეაქციით პასუხობს ზოგჯერ მშობელს ჰგონია, რომ საქმე ჩვეულებრივ, წარმავალ მოვლენასთან აქვს, რაც ნამდვილად არ გახლავთ სწორი, რადგან სპეციალისტების აზრით, ამგვარ გულგრილ დამოკიდებულებას ვითარების მხოლოდ გამწვავება და სამომავლოდ მეტი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.პრობლემის აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, მისი გამომწვევი მიზეზები უნდა გავარკვიოთ.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვი ღრუბელივით იწოვს ყველაფერს, რასაც გარშემო ხედავს, იმახსოვრებს მშობლებს შორის არსებული კონფლიქტის ტექსტსაც და ხასიათსაც. ამრიგად, თუ გინდათ, შვილი ზრდილობიანი გყავდეთ, პირველ რიგში, ოჯახური კონფლიქტი მოაგვარეთ. თუ მეუღლეებს შორის ჩხუბი გარდაუვალია, ეს აუცილებლად ბავშვისგან დაფარულად გააკეთეთ, მეტიც, ჩხუბის შემდეგ ეცადეთ, ბავშვი ვერც მიხვდეს, რომ თქვენს შორის დაძაბულობაა, რადგან ეს უკვე სულ სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს.
თუ ოჯახში სიმშვიდე გაქვთ, მაშინ სამეზობლოსა და შვილის სამეგობროს გადამოწმება მოგიწევთ. შეიძლება უხეშობას, უკმეხ შეპასუხებას ბავშვი სწორედ კარის მეზობლის სახლიდან გამოსული ჩხუბით სწავლობს ან მსგავს სცენებს მეგობრის ოჯახში აწყდება. ეს უკვე არაჯანსაღი გარემოა, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში ნამდვილი მონსტრი გეყოლებათ. ასევე გაარკვიეთ, ხომ არ აქვს პრობლემა სწავლასთან ან პირად ფრონტზე. როგორც წესი, მოზარდები რთულად იტანენ პირველ სიყვარულში იმედგაცრუებას, რაც ზოგჯერ აგრესიაში გადაიზრდება.

როგორ გადავაჩვიოთ უხეშ ლაპარაკს? უხეშობაზე არც ერთ შემთხვევაში არ უპასუხოთ იმავეთი ან უარესი - არავითარ შემთხვევაში არ ცემოთ ბავშვი! ასეთი პასუხი მას უარესად გააღიზიანებს და ვერც იმას შეაგნებინებს, რომ ცუდად იქცევა. ამიტომ ბავშვთა ფსიქოლოგები მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავენ - მეგობრული დამოკიდებულება და სიმშვიდე საუკეთესო გამოსავალია.

თუ სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ, იფიქრეთ იმაზე, რომ ამ მომენტში თქვენს შვილს უფრო მეტად უჭირს, მის მიერ გამოვლენილი აგრესია თავადაც აწუხებს, ამიტომ გამოსავალს სწორედ თქვენს საპასუხო რეაქციაში ხედავს.მოუსმინეთ. გაიგეთ, რის გამოა აგრესიული, რატომ გეუზრდელებათ. აჩვენეთ, რომ მის დასახმარებლად მზად ხართ, რომ გინდათ, კვლავ მშვიდი და კარგი ბავშვი იყოს. გარდა იმისა, რომ ამ საუბრებით აგრესიის მიზეზს გაიგებთ, მის ცხოვრებაში არსებულ სიახლეებსაც შეიტყობთ, რაც შემდგომში სიტუაციის კონტროლისთვის გამოგადგებათ. ნუ დაავიწყებთ, რომ მშობელი მისი ყველაზე ახლობელი და კეთილის მსურველი ადამიანია.

თუ ბავშვი თავისი პრობლემების დაკონკრეტებას არ აპირებს, მაშინ ზოგადი საუბრით შემოიფარგლეთ. ნუ ეცდებით, სულში ჩაუძვრეთ და ათქმევინოთ ის, რისი დავიწყებაც სურს. უბრალოდ უთხარით, რომ ასე მოქცევა კარგს არაფერს მისცემს, რომ პატივი უნდა სცეს არა მხოლოდ მშობლებს და სხვა ადამიანებს, არამედ საკუთარ თავსაც. სწორედ საკუთარი თავის პატივისცემისთვის ხაზგასმა გაძლევთ დამატებით ქულას, რადგან არავის (განსაკუთრებით მოზარდებს), არ სურს სხვის თვალში დამცირებულად გამოიყურებოდეს.

თუ შვილი გულს გადაგიშლით და თავისი აგრესიის მიზეზს გეტყვით, იმავე წამიდან მისი საიდუმლოს მცველად უნდა იქცეთ და არავითარ შემთხვევაში არ განიხილოთ ბებია-ბაბუებთან, მეზობლებთან და მულებთან. გახსოვდეთ, რომ შვილმა ყველაზე სათუთი რამ გაგიმხილათ, გენდოთ, გამოსავლის ძიებაში თქვენთან მოვიდა, მისთვის იმედის გაცრუება კი მხოლოდ უარეს შედეგს მოგცემთ. გარდა ამისა, ის თქვენს მიმართ დამოკიდებულებასაც შეიცვლის და უხეშობას დაივიწყებს, რადგან მისი საიდუმლო მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ, ამიტომ თქვენი სახით მხოლოდ მეგობრის ყოლა ენდომება.

რაც უნდა უსიამოვნო ისტორია მოისმინოთ, არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ მისი განსჯა. მხოლოდ და მხოლოდ გაგებით მოკიდება მოგცემთ საჭირო შედეგს. ყვირილი მხოლოდ უფრო აგრესიულ პასუხს მოგცემთ - ანუ ეს სწორედ ის შემთხვეაა, როდესაც შვილს საკუთარი თავის პატივისცემის მაგალითი უნდა მისცეთ. 

ასევე კარგი მეთოდია, თუ შვილს თქვენს ბავშვობისდროინდელ გამოცდილებას გაუზიარებთ. ამით გააგებინებთ, რომ მსგავსი პრობლემები ნებისმიერს შეიძლება ჰქონდეს, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს, აგრესია კი ამ გამოსავალთან მხოლოდ დააშორებს.

ცხადია, ყველაზე მეტად თავის შეკავება უცხოების ან მისი მეგობრების თანდასწრებით გმართებთ. შვილთან ურთიერთობის გასარკვევად ოჯახური გარემო საუკეთესო ადგილია. ასევე კარგი იქნება, თუ მოზარდ შვილს ზოგჯერ თქვენც ჰკითხავთ რჩევას. დაე, ოდნავ მეტი პასუხისმგებლობა იგრძნოს, მიხვდეს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, ამიტომ ჭიჭყინი და უაზრო აგრესია აღარ შეშვენის.

Комментариев нет:

Отправить комментарий